კალათბურთი | გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ 14 ქულით დაეხმარა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე „ბასკონიას“ შეხვდა და 89:85 გაიმარჯვა.
ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა მწვრთნელისგან 17 წუთი მიიღო და თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – 14 ქულა, ერთი მოხსნა. შერმადინმა მატჩის განმავლობაში ოთხი ორქულიანი და ექვსი საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 21 ქულა ჰქონდა ბრაზილიელ გამთამაშებელს, მარსელინიო უერტასს.
ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ 11 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „მურსიასთან“ გასვლით შეხვედრაში 83:84 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კატალონიური გუნდი ამ მომენტისთვის ჩემპიონატში 12 მოგებით მესამე ადგილზეა.
ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში თავისი მატჩები ჩაატარეს დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტმა“ და გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“. სანაძის გუნდმა „სამორასთან“ 92:95 წააგო. ქართველ კალათბურთელს 15 ქულა ჰქონდა, მან ორი სამქულიანი გამოიყენა. ამ მომენტისთვის „პალმერ ბასკეტი“ 3 მოგებით ლიგაში მე-16 ადგილზეა.
რაც შეეხება „გიპუსკოას“, „ესტუდიანტესი“ 73:66 დაამარცხა. გიორგი კორსანტიამ მატჩი 8 ქულით, 6 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და ერთი შედეგიანი გადაცემით დაასრულა. საქართველოს ნაკრების წევრის გუნდი 10 მოგებით გათამაშებაში მეექვსე ადგილს იკავებს.