კალათბურთი | გაიმართა ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატების წილისყრა #1TVSPORT
კალათბურთი | გაიმართა ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატების წილისყრა #1TVSPORT

ფიბა-მ ზაფხულში გასამართი ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატების წილისყრა ჩაატარა.

ზაფხულში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებებს სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირზე მნიშვნელოვანი გამოსვლები ელოდებათ. ფიბა-მ ოფიციალურად დაადასტურა ევროპის ჩემპიონატების კალენდარი და მასპინძელი ქვეყნები.

U16 ვაჟთა ნაკრები, ზედიზედ მესამე წელია, U16 ევრობასკეტის A დივიზიონში იასპარეზებს. წელს ჩემპიონატი 7–15 აგვისტოს რუმინეთში გაიმართება. საქართველოს მეტოქეები იქნებიან ესპანეთი, საბერძნეთი, ისრაელი.

ქალთა ეროვნული ნაკრები ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდება „პატარა ქვეყნებს შორის ევროპის ჩემპიონატს“. ტურნირს 23-28 ივნისს კოსოვო უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგეები არიან მალტა და ალბანეთი.

U16 გოგონათა ნაკრები C დივიზიონში ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატი 7–12 ივლისს მალტაში ჩატარდება. საქართველო ჯგუფში მალტასა და კოსოვს დაუპირისპირდება.

U18 ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი 24 ივლისიდან 2 აგვისტომდე ხორვატიაში გაიმართება. ჩვენი ნაკრები ძალებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უნგრეთთან მოსინჯავს.

U18 გოგონათა ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს, ტურნირს 21-26 ივლისს კოსოვო უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქეები არიან კოსოვო, სომხეთი და გიბრალტარი.

U20 ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 10-19 ივლისს სლოვაკეთში გამოვა. საქართველო უკრაინას, შვეიცარიას, ესტონეთსა და ლუქსემბურგს ეთამაშება.