კალათბურთი | ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი - ხაიმე ფერნანდესი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ტენერიფეში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, მასპინძლებს შეხვედრის წინ ერთ-ერთი ლიდერი ხაიმე ფერნანდესი გამოაკლდათ, მან ბარძაყის კუნთი დაიზიანა.
ფერნანდესი „ტენერიფეში“ გიორგი შერმადინის თანაგუნდელია და მიმდინარე სეზონში საშუალოდ 10.9 ქულას აგროვებს. დანიასთან პირველი ტურის მატჩში კი ის ესპანელთა რიგებში 15 ქულით საუკეთესო იყო.
როგორც ესპანური მედია წერს, საქართველოსთან საეჭვოა დანი დიეზის თამაშიც, მას ტერფის ტრავმა აწუხებს და მასთან დაკავშირებით სამედიცინო შტაბი გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მიიღებს.
ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.