კალათბურთი | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ჩუს მატეო - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გვაჯობა #1TVSPORT
კალათბურთი | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ჩუს მატეო - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გვაჯობა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩუს მატეომ ისაუბრა.

„უკრაინასთან მარცხმა მეტოქე კიდევ უფრო მოტივირებული და საშიში გახადა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდმა ბოლო ევროპის ჩემპიონატზე გვაჯობა. მათ რიგებში არიან მოთამაშეები, რომელთაც ესპანელი გულშემატკივრები შესანიშნავად იცნობენ. ჩვენც კარგად მოგვეხსენება მათი რეალური შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, თუ გამარჯვება გვინდა, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

შეხვედრა ენერგიულად, აგრესიულად და სრული მობილიზაციით უნდა დავიწყოთ, ისე როგორც დანიასთან გავაკეთეთ. აუცილებელია, მატჩი ჩვენს ტემპში განვითარდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ნაკრებთან მარტივად გავიმარჯვებთ, ცდება. მათ ისეთივე კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავთ, როგორც ჩვენ. ჩვენი მიზანია, შეხვედრა საკუთარი კოტროლის ქვეშ მოვაქციოთ, რაც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ჩუს მატეომ.

ესპანეთისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებების მატჩი 30 ნოემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.