კალათბურთი | ერთ თამაშში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით „მემფისმა“ NBA-ში რეკორდი გაიმეორა [ვიდეო] #1TVSPORT

„მემფის გრიზლსმა“ „კლივლენდ კავალიერსთან“ NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში 29 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ლიგის რეკორდი გაიმეორა.

აქამდე ერთ შეხვედრაში 29 სამქულიანი „მილუოკიმ“ და „ბოსტონმა“ ჩააგდეს. პირველმა მათგანმა ეს 2020 წელს „მაიამისთან“ შეხვედრაში (144:97) შეძლო, ხოლო მეორემ – 2024 წელს „ნიუ იორკ ნიქსთან“ (132:109). აღსანიშნავია, რომ „მემფისი“ „კლივლენდთან“ შეხვედრაში 126:142 დამარცხდა.

მემფისელებმა პირველ მეოთხედში 10 სამქულიანი გამოიყენეს, მეორეში – 3, მესამეში – 6, ხოლო მეოთხეში – 10. საპირისპიროდ, „კლივლენდ კავალიერსმა“ მხოლოდ 12 სამქულიანი ჩააგდო.

„მემფისმა“ NBA-ში ჩატარებული ბოლო 20 შეხვედრიდან 18 წააგო. გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.