კალათბურთი | Cope-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ NBA-ს ევროპის პროექტს შეუერთდება და ევროლიგას დატოვებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ ამერიკული საკალათბურთო ლიგის, NBA-ს ახალ ევროპულ პროექტში 12 დამფუძნებელ გუნდს შორის იქნება და ევროლიგას დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას COPE ავრცელებს.
COPE-ს გადაცემა El Partidazo-ში განაცხადეს, რომ NBA-ს ევროპულ პროექტში მადრიდის „რეალს“ მუდმივი ადგილი ექნება. ამასთან, ტურნირზე დამატებით იქნება ოთხი „მცურავი“ ადგილი, რომლებიც სპორტული შედეგებით მოიპოვება. ცვლილება 2027/28 წლების სეზონიდან უნდა ამოქმედდეს, შესაბამისად, ესპანური გუნდი უკვე მომდევნო სეზონში ევროლიგაში ვერ ითამაშებს.
შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პუნქტი „რეალისთვის“ შესვლის საკომისიოა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო თანხა ჯერ განსაზღვრული არ არის, ის ბევრად ნაკლები იქნება იმ თანხაზე, რომლის გადახდაც მოუწევთ იმ კლუბებს, რომლებიც პროექტისთვის სხვადასხვა ქალაქში შეიქმნება – მაგალითად, ლონდონში, მანჩესტერში ან რომში.
ორგანიზაციის შეფასებით, დაახლოებით 5-6 წელში NBA Europe-ის ერთ-ერთი ფრენჩაიზის ღირებულებამ, შესაძლოა, ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს, რაც მონაწილე კლუბებისთვის უპრეცედენტო საინვესტიციო და ზრდის შესაძლებლობას წარმოადგენს.