კალათბურთი | ბემ ადებაიომ NBA-ს შეხვედრაში 83 ქულა ჩააგდო და კობი ბრაიანტის შედეგი გააუმჯობესა [ვიდეო] #1TVSPORT
08:02, 11.03.2026
„მაიამი ჰიტის“ კალათბურთელმა, ბემ ადებაიომ „ვაშინგტონ უიზარდსთან“ NBA-ს შეხვედრაში 83 ქულა ჩააგდო და ერთ მატჩში მოგროვებული ქულათა რაოდენობით კობი ბრაიანტის შედეგი (81) გააუმჯობესა.
ადებაიოს გუნდმა საკუთარ მოედანზე „ვაშინგტონი“ 150:129 დაამარცხა. 28 წლის მოთამაშემ მოედანზე 42 წუთი გაატარა, მისი სრული სტატისტიკა კი ასეთი იყო – 83 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 40-დან 20 ჩაგდებული ბურთი თამაშიდან, 43-დან 36 ჩაგდებული საჯარიმო.
აღსანიშნავია, რომ ადებაიო კიდევ ორი რეკორდის ავტორი გახდა – მან NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ესროლა საჯარიმო (43) და ყველაზე მეტი ჩააგდო (46).
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა უილტ ჩემბერლენს აქვს მოპოვებული. 1962 წლის 2 მარტს „ფილადელფია უორიორსის“ მაისურით მან „ნიუ იორკ ნიქსთან“ მატჩში 100 ქულა ჩაიწერა აქტივში.
83 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა ბემ ადებაიომ, ხოლო 81 ქულით მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა კობი ბრაიანტი. ლეგენდარულმა მოთამაშემ აღნიშნული შედეგი 2006 წლის 22 იანვარს „ლეიკერსის“ მაისურით „ტორონტო რეპტორსთან“ დააფიქსირა.