კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს იწყებს - საქართველო-უკრაინა საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს იწყებს - საქართველო-უკრაინა საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

26 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს უკრაინასთან მატჩით გახსნის. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„საქართველოს ნაკრები ძალიან რთული და საშიში მეტოქეა, მით უმეტეს მაშინ, როცა იქ გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია თამაშობენ. ისინი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელებად მიმაჩნია“, – უკრაინის ნაკრების ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა იცის, რასაც ამბობს.

ის საქართველოში ორი წელი მუშაობდა – „სოხუმს“ ხელმძღვანელობდა. უკრაინულ და რუსულ კლუბებში წვრთნიდა გიორგი ცინცაძესა და ლევან ფაცაციას. ხოლო 2012 წელს ევრობასკეტის შესარჩევზე სწორედ იმ ლატვიას თავკაცობდა, საქართველოს ნაკრებს დიდი თავსატეხი რომ გაუჩინა. თუმცა ქართველებმა ორივე მატჩი მოუგეს და ევრობასკეტი 2013-ის საგზური მოიპოვეს.

ამჯერად ორი ან თუნდაც ოთხი მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად საკმარისი არ იქნება. თითოეულ გუნდს შესარჩევ ეტაპზე 12-12 მატჩის გამართვა უწევს – ექვსი პირველ ეტაპზე, ექვსიც მეორეზე. პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან უკრაინა, ესპანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. ჯგუფიდან სამი საუკეთესო გავა და შეუერთდება H ჯგუფის (იტალია, რუსეთი, ისლანდია, ნიდერლანდები) საუკეთესო ტრიოს. შეიქმნება ექვსგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გუნდი გავა.

 

ტრავმებით, მაგრამ იმედით

„უკრაინის ნაკრებს კარგად ვიცნობთ, ძლიერი მოწინააღმდეგეა და მძიმე ბრძოლას ველით. რევანში გვაქვს ასაღები – ბოლოს ევრობასკეტი 2017-ზე ვეთამაშეთ და დავმარცხდით“, – ასეთია საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი შერმადინის მატჩისწინა კომენტარი.

მთავარმა მწვრთნელმა უკრაინასთან მატჩისთვის 13-კაციანი შემადგენლობა შეხვედრის წინა დღეს შეარჩია:

„სამწუხაროა, რომ გვაკლია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც არიან დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე. ამ შეხვედრებში ისინი ვერ გვეხმარებიან და ვიმედოვნებთ, მალე დაგვიბრუნდებიან. მინდა, დარბაზში გულშემატკივარი მოვიდეს და დაგვეხმაროს. მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.  იმედი მაქვს, ჩვენს გუნდს საუკეთესო შედეგები ექნება“, – ეს საქართველოს ნაკრების ბერძენი მწვრთნელის, ილიას ზუროსის სიტყვებია.

 

მსოფლიოზე სათამაშოდ უკრაინაც ემზადება

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ იმედიანადაა:

„მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა. თუ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შერმადინი და შენგელია ითამაშებენ, სულ სხვა გუნდი იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია, ყველას აქვს სუსტი მხარეები, ჩვენი ვალია ის კარგად შევისწავლოთ და გამოვიყენოთ“.

უკრაინელთა შემადგენლობა:

უკანახაზელები: დენის ლუკაშოვი, ილია სიდოროვიოლეკსანდრ ლიპოვი (ყველა – პრომეთეი), ვიტალი ზოტოვი, იუსუფ სანონი (ორივე – დნეპრი), ოლეკსანდრ კობეცი (ბუდიველნიკი), ვიაჩელავ ბობროვი (ბუდიველნიკი).

ფორვარდები: ბოგდან ბლიზნიუკი (ბუდიველნიკი), ივან ტკაჩენკო (ჩერკასკი მავპი), ანდრეი ვოინალოვიჩი (კიევ-ბასკეტი), სერგეი პავლოვი (ორივე – დნეპრი), ვიაჩესლავ პეტროვი (პრომეთეი).

ცენტრებივოლოდიმირ გერუნი (ბუიუჩეკმეჩე, თურქეთი), დმიტრო სკაპინცევი (კიევ-ბასკეტი), არტიომ პუსტოვოი (გრან კანარია, ესპანეთი).

 

G ჯგუფის კალენდარი

26 ნოემბერი, 2021

საქართველო-უკრაინა

29 ნოემბერი, 2021

ესპანეთი-საქართველო

24 თებერვალი, 2022

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია

27 თებერვალი, 2022

ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო

1 ივლისი, 2022

უკრაინა-საქართველო

4 ივლისი 2022

საქართველო-ესპანეთი