კალათბურთელთა განვითარების ლიგის ფინალში „დინამო“ და „ოლიმპი“ ითამაშებენ
კალათბურთელთა განვითარების ლიგის ფინალში „დინამო“ და „ოლიმპი“ ითამაშებენ

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ფინალში ერთმანეთს „დინამო” და „ოლიმპი” შეხვდებიან. სატიტულო მატჩი 27 აგვისტოს, 17:00 საათზე შედგება. არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ მატჩზე მაყურებლები არ დაიშვებიან.

ნახევარფინალური მატჩები დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ტურნირზე აქამდე დაუმარცხებელი „ცხუმ-აფხაზეთი” „ოლიმპს” შეხვდა. ოლიმპელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და თანაბარი მატჩში ბოლო წუთზე გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით მოახერხეს მოგება მოპოვება – 66:61.

გამარჯვებულებს 17 ქულით დავით წივწივაძემ ულიდერა. 15 ქულა და 9 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა, ხოლო 10 ქულა ლევან ლოლიშვილმა მიითვალა. „ცხუმ-აფხაზეთში“ 17 ქულით ბომბარდირი დავით ბუაჩიძე გახდა, 13 ქულითა და 19 მოხსნით კი საუკეთესო ზუკა მაჩალაძე გახლდათ.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „დინამო” და „ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. ქუთაისელები ბოლო პერიოდამდე ტოლსწორად ებრძოდნენ მეტოქეს, რაც ლუკა მაზიაშვილის, ნიკოლოზ სოსელიას და გიორგი ჭეიშვილის შედეგიანობის დამსახურება იყო, თუმცა უფრო მეტად შეკრულ-შეთამაშებულმა დინამოელებმა დასკვნით წუთებზე მეტოქე მაინც გატეხეს. გადამწყვეტ მომენტში თავი ლაშა მიქელაძემ, ვოვა თავაქარაშვილმა და გიორგი სიმონიშვილმა გამოიჩინეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ „დინამოს” უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და გამარჯვებულის ვინაობაც გაცხადდა.

საბოლოდ ჟოლივეტ ტუჯანისა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა დინამოელებმა 86:79 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. თბილისელებს 23 ქულით თავაქარაშვილმა ულიდერა. ლაშა მიქელაძემ 16 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ირაკლი კილაძის ანგარიშზე კი 15 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.