კალათბურთელები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას შეუერთდნენ
ტალინში გამგზავრებამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. 16 დღიანი კამპანია 1991 წლიდან ყოველ წელს იმართება და მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას ისახავს.
ამ მოძრაობაში მსოფლიოს 187 ქვეყნის 5000-ზე მეტი ორგანიზაციაა ჩართული. საქართველოში კამპანიას კოორდინაციას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით უწევს.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა სლოგანით „სპორტსმენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.