კალაძე და კობიაშვილი ლეგენდების შეხვედრაზე მიიწვიეს
კალაძე და კობიაშვილი ლეგენდების შეხვედრაზე მიიწვიეს

ლათინური ამერიკისა და ევროპის ლეგენდები ერთმანეთს სომხეთში შეხვდებიან, მატჩს კი 8 ივლისს, ერევნის რესპუბლიკური სტადიონი უმასპინძლებს – ამის შესახებ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე საფეხბურთო კლუბ “პიუნიკის” პრეზიდენტმა, არტურ სოგოდომიანმა განაცხადა.

სომეხი ბიზნესმენის თქმით, რომელმაც “პიუნიკი” ახლახანს შეიძინა, ლეგენდების მატჩში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე ბევრმა ფეხბურთელმა განაცხადა – ერევანში ითამაშებენ რობერტო კარლოსი, კაკა, დიდა, რივალდო, სერჟინიო, გაბრიელ ბატისტუტა, ერნან კრესპო, ივან სამორანო, ივან კორდობა, ხავიერ ძანეტი, პაოლო მალდინი, იური ჯორკაეფი, ხრისტო სტოიჩკოვი, რაიან გიგზი, დემეტრიო ალბერტინი… უცნაურია, რომ ლეგენდების გვერდით მიიწვიეს რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრები, სტანისლავ ჩერჩესოვი და იური კოვტუნი.

ჩვენთვის კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლეგენდების მატჩში საქართველოს ნაკრების ორი ყოფილი კაპიტანი – კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი ითამაშებენ.