კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის „ძალა ერთობაშიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის „ძალა ერთობაშიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის „ძალა ერთობაშიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დეპუტატმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ვანო მერაბიშვილთან ერთად არის გადაღებული. ამასთან, ფოტოზე, რომელიც „ფეისბუქში“ გუშინ გავრცელდა წარწერით – „დღევანდელი შეხვედრა“, ჩანან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინი და სხვა პირები.

„ჩვენ პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ ჩამოვაყალიბეთ. გასულ კვირაში შეხვედრებს ვმართავდი ოპოზიციურ პარტიებთან. თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას შევხვდი, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ძალა ერთობაშიას“. საუბარი მიდის იმაზე, რომ საერთო კანდიდატი ვიყო და სხვა პარტიებმა კონკურენტები არ დამიყენონ, რომ „ოცნების“ კანდიდატი პირველსავე ტურში დავამარცხო. შეხვედრა მქონდა დაახლოებით შვიდ პარტიასთან. მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ვიქნები დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, ბოლნისის სამაჟორიტარო ოლქში პარტია „პროგრესი და თავისუფლებისგან“ და აგრეთვე, ვიქნები ამ პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი“, – აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიებთან ​კონსულტაციები გრძელდება.

„ჯერ დაპირებები არ არის. მოგვიანებით იქნება ცნობილი“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.