კახა მჟავანაძე - ძალიან მინდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშონ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ ყოფილმა მცველმა, კახა მჟავანაძემ Sport.ua-სთან ინტერვიუში ერთა ლიგის ახალი შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები უკრაინას, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.
„საქართველოცა და უკრაინაც საინტერესო ნაკრებებია და ძალიან მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშონ.
ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრებისთვის სათამაშო პირობები ოდნავ უარესია, ვიდრე საქართველოსა და ჯგუფის სხვა მეტოქეებისთვის. სერგეი რებროვის გუნდი საკუთარ კედლებში ვერ თამაშობს და გულშემატკივართა მხარდაჭერა ნაკლებად აქვს. თუმცა უკრაინელებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შეტევაში ძალიან ძლიერია, მხოლოდ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას დასახელებაც იკმარებს. ამიტომ ამ ორივე ნაკრებისგან მხოლოდ წარმატებას ველოდები“, – თქვა მჟავანაძემ.