კახა კუკავა - აუცილებელია, მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელიც არსებული სისტემის ნაწილი არასდროს ყოფილა
კახა კუკავა - აუცილებელია, მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელიც არსებული სისტემის ნაწილი არასდროს ყოფილა

28 ოქტომბერი, ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ, არჩევნები და თუ გვინდა, რომ სისტემა მართლაც დაინგრეს, აუცილებელია, მხარი დავუჭიროთ იმ კანდიდატს, რომელიც ამ სისტემის ნაწილი არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს მანკიერ სისტემასა და ანტისისტემურ კანდიდატს შორის. ნებისმიერი სხვა არჩევანი ყალბია. ზურაბიშვილი, ვაშაძე და ბაქრაძე ერთი და იგივე მანკიერი სისტემის ღვიძლი შვილები არიან. ისინი შეთანხმდენენ, ჩვენთან არ მოსულიყვნენ და დებატებში ცალკე დამსხდარიყვნენ. ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, თითქოს, ქართველ ხალხს არჩევანი მხოლოდ მათ შორის აქვს“, – განაცხადა კუკავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო და ახერხებს თუ არა ის თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას, კახა კუკავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არათანაბარი საარჩევო გარემოა.

„ოთხი ლიბერალური არხი – „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“ და „TV პირველი“ ბოკერიას პრესცენტრად არის გადაქცეული. ეს არანაირი ჟურნალისტიკა არ არის. ისინი ყოველგვარი კანონის, მათ შორის, „საარჩევნო კანონის“და „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ მოთხოვნების უხეში დარღვევით აშუქებენ მხოლოდ სამ კანდიდატს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არიან სანქცირებული“, – განაცხადა კუკავამ.

როგორც კუკავამ აღნიშნა, გუშინ, მან კომუნიკაციების კომისიაში პროცესი მოიგო, რითაც „იმედი“ და „მაესტრო“ 1500-1500 ლარით დაჯარიმდა და „რუსთავი 2“-ისა და „TV პირველის“ წინააღმდეგ პროცესი გრძელდება.

„საბოლოო მიზანია, ამ არხებმა დაკარგონ ლიცენზიები, რომელიც აქვთ, რადგან ისინი ამ ლიცენზიაში არსებულ მთავარ ფუნქციას არ ასრულებენ. არ შეიძლება, სახელმწიფოს მიერ ლიცენზიამინიჭებული ტელევიზია ერთი კონკრეტული პარტიის პრესცენტრის ფუნქციას ახორციელებდეს“, – განაცხადა კუკავამ.

კუკავამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შეუძლია, მობილიზება გაუკეთოს ათეულობით მილიონ ლარს, მაშინ, როცა დანარჩენი კანდიდატების ბიუჯეტი, უკეთეს შემთხვევაში, საშუალოდ, რამდენიმე ათეული ათასი ლარია.