კახა კუჭავამ ევროკავშირის ელჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა
კახა კუჭავამ ევროკავშირის ელჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უპირველესად კოვიდ-19 -თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.

კახა კუჭავამ ევროკავშირის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეფორმები აქვს საქართველოს დაგეგმილი ამ მიმართულებით და როგორ ხორციელდება ისინი, როგორია ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკა კოვიდ-19 -თან მიმართებაში და ა.შ. ისაუბრეს ასევე, ზოგადად, ეკონომიკურ პროგრამაზე და იმ შესაძლებლობებზე, როდესაც ქვეყანა შეძლებს უფრო აქტიურად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს იმ თანადგომისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

„შეხვედრაზე ყურადღება, ბუნებრივია, დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რომლებსაც ოკუპანტი ქვეყანა იყენებს თავის სასარგებლოდ მაშინ, როცა ყველა ებრძვის ამ უხილავ მტერს, ცდილობენ უფრო აგრესიულად იმოქმედონ ქვეყნის წინააღმდეგ. ბატონმა ელჩმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართველოს სრული მხარდაჭერა და თანადგომა ამ საკითხთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

დატოვე კომენტარი