კახა კუჭავა - შემდეგი სამი წლის განმავლობაში უფრო ჩქარი ტემპებით უნდა გავატაროთ რეფორმები და 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე
კახა კუჭავა - შემდეგი სამი წლის განმავლობაში უფრო ჩქარი ტემპებით უნდა გავატაროთ რეფორმები და 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

საბოლოო მიზანი არის, შემდეგი სამი წლის განმავლობაში, რომელიც იქნება არჩევნების გარეშე, გვექნება საშუალება, კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით ვიფიქროთ იმ რეფორმების გატარებაზე, რომელსაც ჩვენგან ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, ძლიერი საქართველო ვერ იქნება ძლიერი რეგიონების გარეშე.

„მთლიანობაში, ეს წარმოქმნის იმ სურათს, იმ დაპირებას, რომელიც ნამდვილად განაპირობებს ჩვენს მხარდაჭერას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხვალ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი ვალდებულება არის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა პროვოკაციის თავიდან არიდება და დღეს ამის ბრწყინვალე დასტური იყო, ჩვენ ვამბობდით და დღესაც ეს კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდი ემზადება არჩევნებისთვის, 2 ოქტომბრისთვის, როდესაც ოპონენტები ემზადებოდნენ 3 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის, გამოსვლებისთვის. დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა, მოსახლეობა თავის სახელს არქმევს, როდესაც საუბარია დესტრუქციაზე, ძალადობაზე, სიძულვილზე და ასე შემდეგ. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, ყველამ მიიღოს აქტიური მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში დადო შედეგი და იმ დაპირებასაც, რასაც ჰქვია ძლიერი რეგიონები, ძლიერი საქართველო და 2024 წელს გაკეთებული განაცხადი და შემდეგ უფრო ამბიციური გეგმა, რომ დავიმკვიდროთ თავი ლიდერებად არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ევროპაში – არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.