კახა კუჭავა - საკონსტიტუციო ცვლილებები არის გამარჯვება, რომელიც ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ამაში მთელი ენერგია და რესურსი ჩადო
კახა კუჭავა - საკონსტიტუციო ცვლილებები არის გამარჯვება, რომელიც ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ამაში მთელი ენერგია და რესურსი ჩადო

ეს არის გამარჯვება, რომელიც ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ამაში მთელი თავისი ენერგია და რესურსი ჩადო, – საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მივაღწიეთ შედეგს, რომელიც დიდი ხნის სურვილი იყო. ხელშესახები არის ის, რომ იქნება პლურალიზმი; იქნება ის, რაც დიდი ხნის მოთხოვნა იყო, რომ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული ვყოფილიყავით“, – განაცხადა კუჭავამ.

ამ განცხადებით კახა კუჭავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ხელშესახებ სიკეთეს მიიღებს საზოგადოება ახალი საარჩევნო სისტემით.

შეკითხვაზე, რა სარგებელი დადგა „ქართული ოცნებისთვის“ მთელ ამ პროცესში, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არის ის, რომ მმართველმა პარტიამ ხალხს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რამდენად გუნდურია და რამდენად შეუძლია, საბოლოოდ შეასრულოს დანაპირები.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება და გუნდი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს კიდეც.

„ფაქტობრივად, ყველა ამბობს თავის თავზე, ჩვენ ვიმარჯვებთო, მაგრამ რეალურ შედეგს ძალიან კარგად ვნახავთ. ჩვენ გამარჯვების არათუ იმედი გვაქვს, დარწმუნებულიც ვართ ამაში. ჩემი აზრით, 40 პროცენტი, რომელიც ნახსენები იყო, არის ქვედა ბარიერი და გაცილებით მეტს ავიღებთ“, – განაცხადა კუჭავამ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ვისთან შეიძლება, შექმნას კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ კოალიცია გამორიცხულია პრორუსულ ძალებთან ისევე, როგორც გამორიცხულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ მმართველი გუნდი მომავალ პარლამენტში, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ეს ასე იქნება.

შეკითხვაზე, იმ რეალობაში, სადაც უმრავლესობას გარკვეული პოლიტიკების გასატარებლად მცირე პარტიების მხარდაჭერა არ ესაჭიროება, რამდენად იქნება ერთი მოწვევის პარლამენტი საკმარისი იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში ახალშესულმა პარტიებმა რეპუტაცია დააგროვონ და მომავალ არჩევნებზე ხუთ პროცენტიანი ბარიერი დაძლიონ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ იქნება ძალიან ბევრი პარტია და ძალიან ბევრი აზრი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, პარლამენტში შესულმა ადამიანებმა ხალხს აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ არა უბრალოდ საუბარი, არამედ მუშაობა და იმ ფუნქციების შესრულება, რომელსაც პარლამენტი უნდა ატარებდეს საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორც საკანონმდებლო, ისე ზედამხედველობის კუთხით.

„თუ ისინი თავიანთ ხედვებს შეიცვლიან, ჩემი აზრით, ოთხი წლის თავზე იქნება ძალიან კარგი სურათი, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, 2024 წლისთვის უკვე სულ სხვა არჩევანი გააკეთოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.