კახა კუჭავა - ოპოზიცია ასე თუ გააგრძელებს, უცხოელ პარტნიორებთან მათი დაპირისპირება არათუ გაღრმავდება, არამედ უფსკრულამდეც ჩავა
კახა კუჭავა - ოპოზიცია ასე თუ გააგრძელებს, უცხოელ პარტნიორებთან მათი დაპირისპირება არათუ გაღრმავდება, არამედ უფსკრულამდეც ჩავა

ოპოზიცია ასე თუ გააგრძელებს, უცხოელ პარტნიორებთან მათი დაპირისპირება არათუ გაღრმავდება, არამედ უფსკრულამდეც ჩავა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად შეიძლება, გაღრმავდეს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და უცხოელ პარტნიორებს შორის დაპირისპირება.

„შეურაცხყოფაზე გადასვლა შენ საერთაშორისო პარტნიორთან, რომელიც ცდილობს, შენი ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის და დაძაბულობის განმუხტვაში დაგეხმაროს, პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არაევროპელები არიან ისინი, ვინც ევროპელობას იბრალებენ“, – განაცხადა კუჭავამ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არა ქართული პოლიტიკური სპექტრის მზაობის, არამედ დიდწილად, უცხოელი პარტნიორების აქტიურობისა და ჩართულობის შედეგი, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ უცხოელი პარტნიორების ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

„მიმაჩნია, რომ მათი ჩართულობა იყო ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან ნოემბრის მოვლენების შემდგომ საკმაოდ რთულად და წარმოუდგენლად მიიჩნეოდა სურვილი, მომხდარიყო ერთ მაგიდასთან არა მხოლოდ დასხდომა, არამედ საუბარი. ეს თავის თავზე აიღეს და შეითავსეს ელჩებმა. ესენი იყვნენ აშშ-ის ელჩი, გერმანიის ელჩი, საქართველოში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენელი და ევროსაბჭოს მუდმივი წარმომადგენელი. მათი ჩართულობა და ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ელჩების მოწოდებები.

„ჩვენ გვახსოვს მათი მოწოდებები. მართალია, ამან საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო, რომ ორ ოპოზიციურ პარტიას ნაბიჯი გადაედგა, პარლამენტში მოსულიყო და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმა მიეცა, მაგრამ ელჩების მოწოდებები ძალიან კარგად გვახსოვს, რაც კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას ყველას, დაინახოს, თუ რა მოხდა რეალურად იმ შეთანხმების დღეს და რა პირობებზე მოხდა შეთანხმება. გერმანიის ელჩმა, რომელიც ერთ-ერთი ფასილიტატორი იყო, საკმაოდ მძიმე, აბსოლუტურად დაუმსახურებელი კრიტიკაც მიიღო. ეს არის საბოლოო ჯამში ის, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვლენები შევაფასოთ“, – განაცხადა კუჭავამ.

შეკითხვაზე, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე, გვაქვს თუ არა წინ ბრძოლის ველის რიტორიკა, რამდენად დაძაბული არჩევნები ელოდება ქვეყანას და არის თუ არა მმართველი გუნდი მზად, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს, რადგან არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება მისი პასუხისმგებლობაა, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, არჩევნები თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და მმართველი გუნდს ამის მზაობა აქვს.

„ამაში დღესაც ძალიან დიდი ძალისხმევა იდება. არის ჩართულობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც ამ კუთხით მუშაობს, რომ მაქსიმალურად შეიქმნას დაცული გარემო და ადგილი არ ჰქონდეს არანაირ სპეკულაციას, დაძაბულობას, შეხლა-შემოხლას და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.