კახა კოჟორიძე - როცა ათასობით ადამიანი მიდიოდა ციხეში, მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო კარგი იყო, როცა თავის თავზე ნახა, მაშინ უსამართლოა
კახა კოჟორიძე - როცა ათასობით ადამიანი მიდიოდა ციხეში, მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო კარგი იყო, როცა თავის თავზე ნახა, მაშინ უსამართლოა

ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი და მისი ადვოკატი, კახა კოჟორიძე ეხმაურებიან.

ვალერი გელაშვილი აცხადებს,რომ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო შეწყალებაზე საუბარი მისთვის მიუღებელია.

„როგორ შეიძლება სააკაშვილის შეწყალება, ადამიანი დამნაშავეა და „ნაცმოძრაობაც“ ვერ უარყოფდა, რომ თავდასხმა მის მიერ იყო ორგანიზებული. ამაში ეჭვი არავის ეპარება. გრიგოლ ვაშაძეს ხალხში და ქვეყანაში არეულობის გამოწვევა სურს.  ციხეში ერთი დღეც არ გაუტარებია სააკაშვილს და როგორ უნდა შეიწყალოს?- განაცხადა გელაშვილმა.

ვალერი გელაშვილის ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, შეწყალება არ უნდა აჩენდეს უსამართლობის განცდას.

„თუ დადასტურებულ დანაშაულზე მოხდება შეწყალება, საზოგადოებაში ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონის უზენაესობა. სხვა არის, თუ ადამიანი მოიპარავს პურს, ძეხვს ან ჯართს და მრავალი წელი იჯდება ციხეში . მაგრამ როცა უმძიმეს დანაშაულებზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება შეწყალებაზე ვისაუბროთ. ჩემთვის მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს რომ შესაწყალებელია, იდავოს და დაამტკიცოს. მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლოს უცხადებს უნდობლობას, თუმცა ეს მისი შექმნილი სასამართლოა. როცა ათასობით ადამიანი მიდიოდა ციხეში, მაშინ ეს სასამართლო კარგი იყო და როცა თავის თავზე ნახა, მაშინ უსამართლოა. სააკაშვილს აქვს უფლება, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. მაგრამ საქართველოში ბავშვმაც იცის, რომ დეპუტატის ცემა რო მოხდა, ეს პრეზიდენტის ნების გარეშე ვერ განხორციელდებოდა”,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ვალერი გელაშვილი 2005 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, დაზარალებულად არის ცნობილი. მისი ცემის ორგანიზებისთვის ერეკლე კოდუასა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. გამოძიების ინფორმაციით, ვალერი გელაშვილს სპეცრაზმი ერთ-ერთი კრიტიკული საგაზეთო სტატიის გამო, ფიზიკურად გაუსწორდა.