„ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ საარჩევნო რეფორმა პლებისციტზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგეს
„ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ საარჩევნო რეფორმა პლებისციტზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგეს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი პლებისციტზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.

კახა კალაძის თქმით, მაჟორიტარები დაარწმუნეს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის გუნდი ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება.