კახა კალაძე - რამდენიმე წელია, ილია ჯიშკარიანს ვიცნობ და წარმოუდგენელია, მძიმეა, რაც მას ბრალდება, დაველოდოთ გამოძიებას
კახა კალაძე - რამდენიმე წელია, ილია ჯიშკარიანს ვიცნობ და წარმოუდგენელია, მძიმეა, რაც მას ბრალდება, დაველოდოთ გამოძიებას

რამდენიმე წელია, ილია ჯიშკარიანს ვიცნობ და წარმოუდგენელია, მძიმეა, რაც მას ბრალდება, დაველოდოთ გამოძიებას, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

კალაძის თქმით, თუკი დადასტურდა გავრცელებული ბრალდება, ეს ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება.

„წარმოუდგენელია, ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. მას ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს.

მძიმე ბრალდებაა და დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები და დაველოდოთ.

თუ ვინმეს დანაშაული აქვს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. თუ დადასტურდა ეს, ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს, მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი