კახა კალაძე - მთავარია ხალხის მხარდაჭერა, არჩევნებს საარჩევნო სისტემები ვერ იგებს, ამაში მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული
კახა კალაძე - მთავარია ხალხის მხარდაჭერა, არჩევნებს საარჩევნო სისტემები ვერ იგებს, ამაში მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული

ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად ვართ, არაერთხელ გაგვიკეთებია ამის შესახებ განცხადება, – განუცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ყველას – როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მოუწოდებენ დიალოგისკენ და ვფიქრობ, რომ უნდა დავსხდეთ, მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, კალაძის განცხადებით, რთულია იმის თქმა, როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები.

„რთულია, გამიჭირდება წინასწარ რაიმეს თქმა. ალბათ, უნდა დაველოდოთ შეხვედრას, რომელიც შედგება და ამის მერე უფრო ცხადი იქნება. თუკი მოხდება შეთანხმება, ცნობილი იქნება, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

კახა კალაძის თქმით, ძალიან ბევრ ვარიანტზე მიდის საუბარი, თუმცა საარჩევნო სისტემები ვერ იგებს არჩევნებს.

„ზოგადად, საარჩევნო სისტემის პრობლემა არ არის. მთავარი არის საზოგადების, ხალხის მხარდაჭერა. ყველა პოლიტიკურ პარტიას სჭირდება არჩევნების დროს ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა. საარჩევნო სისტემები ვერ იგებს არჩევნებს. ამაში ვარ მილიონი პროცენტით დარწმუნებული, რადგან 2012 წელს ჩვენ გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო, როგორი არჩევნები ჩატარდა და როგორი საარჩევნო სისტემა იყო. ზუსტად იმ საარჩევნო სისტემით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, რადგან საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, შედგება თუ არა ოპოზიციასა და მთავრობას შორის კონსენსუსი, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნდა დაველოდოთ შეხვედრებს.

ხოლო, პოლიტპატიმრების შესახებ დასმული კითხვის პასუხად კი კალაძემ აღნიშნა: „საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმრები იყვნენ 2012 წლამდე. დღეს, საბედნიეროდ, პოლიტპატიმრები არ გვყავს“.