კახა კალაძე - მისასალმებელია, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდა დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა, უნდა ვისწავლოთ ეს ახალი პოლიტიკური კულტურა
კახა კალაძე - მისასალმებელია, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდა დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა, უნდა ვისწავლოთ ეს ახალი პოლიტიკური კულტურა

მისასალმებელია, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდა დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა, უნდა ვისწავლოთ ეს ახალი პოლიტიკური კულტურა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა საქართველოს პირველ არხზე მერობის ყველა კანდიდატს შორის გამართული ტელედებატების შემდეგ.

ამასთან, კალაძის თქმით, მთლიანობაში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გამონაკლისებს.

„პირველ რიგში, დებატებით მინდა დავიწყო – მისასალმებელია, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, დებატებში მიეღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ჩემი ინიციატივა იყო ეს და დღეს მადლობებიც დავიმსახურე. პირიქით, მადლობა ყველა კანდიდატს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს ახალი პოლიტიკური კულტურა; აუცილებელია, უნდა შემოვიტანოთ ურთიერთპატივისცემა. შეიძლება, გვაქვს რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, ხედვები, მაგრამ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა აუცილებლად უნდა არსებობდეს, რამდენად განსხვავებული უნდა იყოს ჩვენი მოსაზრებები.

თვითონ კამპანიას რაც შეეხება, მთლიანად მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით იმ გარკვეულ გამონაკლისებს, რომელიც დღეს მაგალითად დმანისში მოხდა, რაც ძალიან ცუდია; არანაირი გამართლება არ აქვს ძალადობას და აუცილებლად ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობდნენ: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სტუდია დატოვა.

დატოვე კომენტარი