კახა კალაძე ფეხბურთის ფედერაციას თანადგომას პირდება - ნაკრების წარმატება თქვენი სწორი მენეჯმენტის შედეგია
კახა კალაძე ფეხბურთის ფედერაციას თანადგომას პირდება - ნაკრების წარმატება თქვენი სწორი მენეჯმენტის შედეგია

„ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და კიდევ ერთი საფეხბურთო ბაზა, აკადემია შეემატა ჩვენს ქვეყანა“- განაცხადა კახა კალაძემ, რუსთავში ახალი საფეხბურთო კომპლექსის გახსნაზე.

თბილისის მერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართა – „ზოგადად, ფეხბურთი და სპორტი რამდენად მნიშვნელოვანია, ამის ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ. ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა, იმიტომ რომ თუ რამე წარმატებას მივაღწიე – სწორედ ფეხბურთით. კიდევ უფრო მეამაყება, რომ დღეს გვაქვს საშუალება შევცვალოთ ის, რაც ყოველთვის პრობლემა იყო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ნიჭიერი მომავალი თაობა გვეზრდება. ზუსტად, პირველ რიგში მათ სჭირდებათ, რომ შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები, რათა მომავალში წარმატებული ფეხბურთელები გახდნენ. ასევე, მინდა ახალგაზრდებს მივმართო – განათლების გარეშე შეუძლებელია იყო წარმატებული ნებისმიერ სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სპორტი, ბიზნესი თუ სხვა რაიმე მიმართულება. ამიტომ, ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის პათოსს და მეამაყება ის, რომ ამ აკადემიაში არის შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელმა ბავშვებმა განათლებაც მიიღონ.“

კალაძის აზრით, საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებები ლოგიკურია – „ლევან კობიაშვილს და მის გუნდს მინდა წარმატებები ვუსურვო. საქართველოს ეროვნულ ნაკრების წარმატება, თქვენი სწორი მენეჯმენტის შედეგია. შემთხვევით არაა, რომ დღეს ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშებს წარმატებულად აგრძელებს. მინდა, ეროვნულ ნაკრებს წარმატება ვუსურვო – დარწმუნებულები იყავით, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლება გიდგათ გვერდში, ასევე დაგიდგებათ დედაქალაქის მერიაც.“