კახა კალაძე - არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს
კახა კალაძე - არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს

დედაქალაქის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს. კალაძის თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამის უფლება არავის მისცენ.

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ხედვები. შეიძლება, იყო პატარა ექსცესები, თუმცა ყველაზე მოხდა რეაგირება.

ჩვენ ვისმენთ იმას, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანები მიყავთ დედაქალაქიდან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის, არეულობის შემოტანის სურვილი აქვს. შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამის უფლება არავის მისცენ და არ უნდა მოხდეს არეულობა.

მოვისმინეთ ცესკო-ს განცხადება, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული შესაბამისი სამსახურები, რათა მშვიდობიან გარემოში მოხდეს არჩევნების წარმართვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ხვალ დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მმართველ პარტიას სურვილი აქვს, პროცესი ყველა ოლქში პირველსავე ტურში დასრულდეს.

„ჩვენი სურვილია, პირველ ტურში დამთავრდეს ყველა ოლქში არჩევნები. სხვა დანარჩენი ადგილობრივ მოსახლეობაზეა, თუმცა, თუ სადმე მეორე ტური გაიმართება,, აქაც პრობლემას ვერ ვხედავთ, ესეც ჩვენი დემოკრატიის ნაწილია და ზუსტად ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ 50%-მდე გავზარდეთ ბარიერი, რომელიც საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა კახა კალაძემ.