კახა კალაძე - „არქი ჯგუფი“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა კომპანია, საკუთარი მამაც რომ იყოს, კანონი არის ყველასთვის კანონი
„არქი ჯგუფი“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა კომპანია, საკუთარი მამაც რომ იყოს, კანონი არის ყველასთვის კანონი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა, რომელთა თანახმადაც, „არქი ჯგუფთან“ დაკავშირებით მას პირადი ინტერესები აქვს.
„რაც შეეხება იმ სამარცხვინო განცხადებებს, პოლიტიკური პარტიის, თუ არ ვიცი, როგორ ვუწოდო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, რადგან მაშინ ეს შეურაცხყოფა იქნება, სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ. ეს არის ადამიანების გარკვეული დაჯგუფება, რომელიც ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოისროლა. რაც შეეხება განცხადებებს, რომელსაც ჩვენ მეორე დღეა, ვისმენთ, ეს არის სიცრუეზე, დემაგოგიაზე დაფუძნებული განცხადებები, თითქოს „არქი ჯგუფს“ კოეფიციენტების გაზრდის შესაძლებლობა მიეცა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რადგან 2016 წელს განაშენიანების რეგულირების გეგმა იყო დამტკიცებული ამ კომპანიისთვის და შესაბამისად, ისღა დამრჩენოდა, გამომეცა აქტი და ეს ყველაფერი მოხდა კანონმდებლობის ფარგლებში.
რაც შეეხება მშენებლობას, თუ კახა კალაძე ლობირებს „არქი ჯგუფს“, მაშინ როგორ ხდება მათი დაჯარიმება, როდესაც ისინი არაკანონიერ მშენებლობას ეწეოდნენ, მშენებლობას არა – იქ საძირკვლის სამუშაოები იყო.
შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ „არქი ჯგუფი“ იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა კომპანია, საკუთარი მამაც რომ იყოს, კანონი არის ყველასთვის კანონი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.