კახა კალაძე - ამ სტადიონზე უფასოდ ივარჯიშებენ პატარები, რომლებიც ჩვენი ფეხბურთის მომავალია #1TVSPORT
კახა კალაძე - ამ სტადიონზე უფასოდ ივარჯიშებენ პატარები, რომლებიც ჩვენი ფეხბურთის მომავალია #1TVSPORT

თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გახსნაზე:

„აღნიშნული ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვალდებულებით გადმოეცა. საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ აქ პატარებს უფასოდ ექნებათ შესაძლებლობა, ფეხბურთით დაკავდნენ“, – ამბობს კახა კალაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანის თქმით, მსგავსი პროექტები აქამდეც განხორციელებულა და სამომავლოდაც იგეგმება: 

„ასეთი საფეხბურთო ცენტრები აშენდა გლდანის მე-5 მიკრორაიონში, ვარკეთილში, ვაკეში, ახლა კი დიდ დიღომში კეთდება. ეს მე ნამდვილად მსიამოვნებს, როგორც ამ ქალაქის მერს და ამ ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანს. ბავშვები, რომლებიც ამ სტადიონზე ფეხბურთზე ივარჯიშებენ, ჩვენი მომავალია. მათი ხელშეწყობა და მხარადჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი დადგება და ასახელებენ ამ ქვეყანას, რაც ქართულ სპორტს და ფეხბურთს ბევრ წარმატებას მოუტანს“.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდმა (IFFHS) კახა კალაძე საქართველოს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.