კახა კახიშვილი - ყველაფერი მზად არის, რომ ხვალ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართოს
კახა კახიშვილი - ყველაფერი მზად არის, რომ ხვალ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართოს

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე, კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი მზად არის, რათა ხვალ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართოს. მისი თქმით, დასრულებულია ტრიბუნების მოწყობა, ამინდის გამო კი, წითელი ხალიჩის გაშლა ხვალისთვის გადაწყდა.

„ხვალ ინაუგურაციაზე საქართველოს არჩეული პრეზიდენტი შვილებთან ერთად ჩამოვა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა.

კახიშვილის თქმით, ხვალ, დილის ათ საათზე ჯარი და ორკესტრი, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლებთან ერთად ერთხელ კიდევ გაივლის რეპეტიციას. კახიშვილმა ბოდიში მოუხადა იმ მოქალაქეებს, ვისაც სურვილის მიუხედავად, ინაუგურაციაზე დასწრების საშუალება არ მიეცა.

„სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოქალაქეებს სურვილი ქონდათ, ინაუგურაციას დასწრებოდნენ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ 800 კაცს უნდა მიეღო ინაუგურაციაში მონაწილეობა, თუმცა გავითვალისწინეთ, რომ მსურველი გაცილებით მეტი იყო. ამიტომ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს და სხვა სტუმრებს ინაუგურაციისთვის თვალის დევნება ფეხზე დგომით მოუწევთ, სკამები განსაზღვრული იქნება მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის, ასევე ხანდაზმული ადამიანებისთვის და შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციას გამოხატვის თავისუფლება აქვს, რისთვისაც თელავის მერიამ მათ გამოუყო ალტერნატიული ადგილი. ეს ადგილი სპეციალური დაცვის ზონაშია მოქცეული და ხვალ გადაკეტილი იქნება.

კახა კახიშვილის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრების მიღება ხვალ პირველი საათიდან დაიწყება.