კახა კახაბრიშვილი - „ლოკომოტივის“ მიზანი ჩემპიონობაა
კახა კახაბრიშვილი - „ლოკომოტივის“ მიზანი ჩემპიონობაა

კახა კახაბრიშვილმა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ საჩხერის „ჩიხურადან“ გადავიდა, გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. 27 წლის ნახევარმცველმა თბილისურ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებულ იმედებზე ილაპარაკა.

„ძალიან მიხარია და კმაყოფილი ვარ, რომ „ლოკომოტივში“ მოვხვდი. გამორჩეული, მებრძოლი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. მის მიმართ ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი. ვფიქრობ, ჩემი კარიერისა და განვითარებისთვის სწორი ნაბიჯი გადავდგი“, – განაცხადა კახა კახაბრიშვილმა „ლოკომოტივის“ ვებგვერდთან ინტერვიუში.

27 წლის შემტევმა ილაპარაკა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც „ლოკომოტივში“ გადასვლა გადააწყვეტინა:

„პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი იყო. მასთან მუშაობა მინდოდა. რა თქმა უნდა, გასულ სეზონში, „ლოკომოტივი“ევროთასებზე მოასპარეზე გუნდებს შორის გამორჩეული იყო და ჩემს გადაწყვეტილებაზე, ამანაც დიდი გავლენა იქონია. ძალიან სამწუხაროა, რომ ბიჭებს ეროვნული ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ და წელს, ევროტურნირზე ვერ ვითამაშებთ“.

მან ახალ სეზონში „ლოკომოტივის“ მიზნებზე ილაპარაკა:

„გუნდს მხოლოდ უმაღლესი მიზნები გააჩნია. „ლოკომოტივი“ ამბიციური გუნდია და პირველ შეხვედრაზე მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონობა, მინიმუმ კი სამეულში მოხვედრაა. ჩემი აზრით, გუნდს ეს შეუძლია. მე კი, ბოლომდე დავიხარჯები, რომ წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო“.