კახა ცხადაძე - „ტორპედოსთან“ დაპირისპირების მიმართ სერიოზული მიდგომა გვაქვს და ვეცდებით, მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ თავი
კახა ცხადაძე - „ტორპედოსთან“ დაპირისპირების მიმართ სერიოზული მიდგომა გვაქვს და ვეცდებით, მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ თავი

ყაზახური „ორდაბასის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა.

„ქუთაისის „ტორპედოსთან“ დაპირისპირებას სერიოზულად ვუდგებით და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ თავი. პირველ შეხვედრაში „ტორპედომ“ სერიოზული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და გუნდში ახლახან მისულებიც პერსპექტიულები და ამბიციურები არიან. თუმცა „ტორპედოს“ პრობლემა იმის შედეგია, რომ ეს ფეხბურთელები გუნდში ახალი მისულები არიან და შეუთამაშებლობა ეტყობათ“, – ამბობს ცხადაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ევროთასების პირველ ეტაპზე ქართული გუნდების ასპარეზობაზეც ისაუბრა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და „საბურთალოს“ შემდგომ ეტაპზე გასვლას ვულოცავ. გუნდმა ტირასპოლის მატჩი ფანტასტიკურად ჩაატარა. ვისურვებდი, რომ ამ ახალგაზრდული გუნდისთვის გუშინდელი მატჩის პირველი 10 წუთის ჩაგდება გაკვეთილი ყოფილიყოს. უპირატესობის მიუხედავად, მოდუნება არ შეიძლება“,- აღნიშნა ცხადაძემ.

ჟურნალისტმა ჰკითხა, დაუმტკიცებს თუ არა საკუთარ შესაძლებლობებს ქართველ გულშემატკივარს.

„რა მაქვს დასამტკიცებელი? ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ახლა ერთადერთი მოტივაცია მომდევნო ეტაპზე გასვლაა“,- განაცხადა ცხადაძემ.

„ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ შეხვედრა 18 ივლისს,„მიხეილ მესხზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.