კახა ცხადაძე - „ნეფთჩისთან“ უპატიებელი შეცდომები დავუშვით, ოთხიდან სამი გოლი საკუთარ თავს გავუტანეთ #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „ნეფთჩისთან“ უპატიებელი შეცდომები დავუშვით, ოთხიდან სამი გოლი საკუთარ თავს გავუტანეთ #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის საპასუხო შეხვედრაში აზერბაიჯანულ „ნეფთჩისთან“ ბაქოში წაგებულ მატჩზე (1:2, პირველი თამაში – 1:2) და განაცხადა, რომ საქართველოს ჩემპიონი გათამაშებას საკუთარი უხეში შეცდომების გამო გამოეთიშა.

„გილოცავთ გამარჯვებას. პირველ მატჩთან შედარებით, „ნეფთჩიმ“ გაცილებით უკეთ ითამაშა. ზოგადად, ორ მატჩში ოთხიდან სამი გოლი საკუთარ თავს გავუტანეთ. მიუტევებელი შეცდომები დავუშვით და ამის გამოც წავაგეთ. ასე არ უნდა ხდებოდეს. წარუმატებლობის მიზეზი? ცალკე ვერავის დავადანაშაულებთ. ამაში დამნაშავე ყველა ვართ. ამდენი შეცდომა არც ერთმა გუნდმა არ უნდა დაუშვას“, – განაცხადა ცხადაძემ.

მას კითხვა „ნეფთჩის“ მომავალ მეტოქეზე და ბაქოელთა მთავარ მწვრთნელზეც დაუსვეს:

 „რა შანსები აქვს „ნეფთჩის“ „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ? ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბაქოს გუნდისადმი კარგი დამოკიდებულება გამაჩნია და „ნეფთჩის“ წარმომადგენლებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მე წავაგე ჩემს ყოფილ მოთამაშე სამირ აბასოვთან? ფეხბურთი გუნდური თამაშია. ეს არ არის კრივი. ჩვენ სამირთან ერთი ერთზე არ გვიჩხუბია. გუნდებმა ითამაშეს და „ნეფთჩიმ“ მოიგო“.