კახა ცხადაძე - „ნეფთჩისთან“ შანსებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მეტოქეს ვაფასებ #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „ნეფთჩისთან“ შანსებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მეტოქეს ვაფასებ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის ყველაზე ტიტულიანი კლუბები, „დინამო თბილისი“ და ბაქოს „ნეფთჩი“ დაუპირისპირდებიან. ეს მატჩები აზერბაიჯანში დიდ ინტერესს იწვევს და თბილისელთა მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს აზერბაიჯანულმა გამოცემა „აზერისპორტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა.

„ჩემთვის სასიამოვნოა, რომ კვლავ ჩამოვალ აზერბაიჯანში, სადაც შვიდ წელზე მეტი ვიმუშავე. ბაქო და ზოგადად აზერბაიჯანი მიყვარს. არასოდეს დამავიწყდება აქ გატარებული დრო. თანამეგობრობის თასის მოგება, როგორ თბილად მიგვიღო პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა. ბაქო ჩემთვის მშობლიური ქალაქივითაა და აზერბაიჯანელ ხალხს ვაფასებ. რაც შეეხება მეტოქეს, „ნეფთჩი“ აზერბაიჯანში ისეთივე ბრენდია, როგორიც „დინამო“ – საქართველოში. ეს არის კლუბი დიდი ისტორიით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მატჩებს კარგად მომზადებულები შევხვდეთ. ჩემპიონთა ლიგაში დიდი ამოცანები და ამბიციები გვაქვს. გვინდა მაქსიმალურად კარგად გამოვიდეთ. მინდოდა თუ არა აზერბაიჯანის ჩემპიონთან შეხვედრა ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით? ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რა გვინდოდა და რა – არა. ჩვენ ვაფასებთ „ნეფთჩის“. ის ისეთივე სერიოზული მეტოქეა, როგორც – „ყარაბაღი“. როდესაც მთავარ მწვრთნელად სამირ აბასოვი დაინიშნა, გუნდმა მოგება დაიწყო და „ყარაბაღთან“ კონკურენცია გაზარდა. ბოლოს და ბოლოს, მას „ოქროს მატჩში“ მოუგო“.

ცხადაძის თქმით, საქართველოში სეზონი რომ გრძელდება, ეს „დინამოსთვის“ კარგია, მაგრამ მნიშვნელოვან უპირატესობას არ აძლევს:

„კარგია, რომ გუნდი რიტმშია. ოფიციალურ შეხვედრებს ვატარებთ და ბათუმის „დინამოსთან“ კონკურენციაში ვართ. ამის გამო ჩვენს ჩემპიონატში ყველა თამაში ფინალის ტოლფასია. ასეთი მატჩები უკეთესია, ვიდრე – ამხანაგური მატჩები. მეორე მხრივ, ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისის „დინამომ“ 12 მატჩი ჩაატარა, რაც დამღლელია. ამიტომ, „ნეფთჩისთან“ შეხვედრებამდე ისე უნდა მივიდეთ, რომ ამ მატჩებს საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში შევხვდეთ“.

ცხადაძემ შანსებზე ლაპარაკი არ ისურვა:

„როგორი შანსებია? ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. შევეცდებით, მეტოქეზე რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია მოვაგროვოთ, შანსებზე კი არ ვილაპარაკებ. ყველაფერი ორ შეხვედრაში გადაწყდება. რაც შეეხება პირველი თამაშის თბილისში გამართვას – მიიჩნევა, რომ პირველი შეხვედრის ჩატარება სტუმრად სჯობს, მაგრამ მთავარია, შემდეგ ეტაპზე ვინ გავა“.