კახა ცხადაძე - „ნეფთჩის“ შემდეგ კვასხვაძე დიდი წნეხის ქვეშ იყო და გუნდიდან ამიტომ წავიდა #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „ნეფთჩის“ შემდეგ კვასხვაძე დიდი წნეხის ქვეშ იყო და გუნდიდან ამიტომ წავიდა #1TVSPORT

მეკარე როინ კვასხვაძემ „დინამო თბილისი“ დატოვა, – ეს ინფორმაცია თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას „მაკაბისთან“ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

„რაც შეეხება კვასხვაძეს – ბოლო მატჩის შემდეგ სერიოზული ლაპარაკი გვქონდა და კვასხვაძე გუნდში არ იქნება. ის დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო, ასე თამაში კი ძალიან რთულია. იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა, როინ კვასხვაძე მომხდარს ძალიან განიცდიდა. ამიტომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩვენ თანამშრომლობის დასრულება გადავწყვიტეთ. ასეთი მდგომარეობა და წნეხი განსაკუთრებით მძიმე მეკარისთვის არის. შემიძლია გითხრათ, რომ კვასხვაძე „დინამოს” წევრი აღარ იქნება. მინდა როინს მომავალში წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა ცხადაძემ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში (1:2, 1:2) დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთო.

ამ შეხვედრებში როინ კვასხვაძემ ორი უხეში შეცდომა დაუშვა და კლუბიდან მისი წასვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ „დინამო“ ევროთასებზე ბოლო წლებში წარუმატებლად თამაშობს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ეტაპი 2016 წელს გადალახა.

როინ კვასხვაძე „დინამოში“ 2018 წელს ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა, სადაც ის კაპიტანი და გუნდის ლიდერი იყო. კვასხვაძეს წლების განმავლობაში ეროვნული გუნდის შეკრებაზე რეგულარულად იწვევდნენ და მისი ფორმით 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის, 2016 წელს გასვლაზე ესპანეთთან მოგებულ შეხვედრაშიც მონაწილეობდა.