კახა ცხადაძე - ნაკრების მწვრთნელის კრიტიკა ადვილია, მაგრამ ამდენი ფეხბურთელის შეცვლაზე კითხვები არსებობს #1TVSPORT
კახა ცხადაძე - ნაკრების მწვრთნელის კრიტიკა ადვილია, მაგრამ ამდენი ფეხბურთელის შეცვლაზე კითხვები არსებობს #1TVSPORT

კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების სექტემბრის თამაშები შეაფასა – „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლია.

„ფაქტია, რომ შედეგი უარყოფითი იყო. ასეთ დროს მთავარი ხვალინდელი დღის სწორი ანალიზია, მსგავსი შეცდომები რომ არ დავუშვათ. როდესაც შიგნით ჩახედული არ ხარ, ამაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ კითხვები ბევრია – მაგალითად, ამდენი ფეხბურთელის შეცვლაზე. ამაზე კომპეტენტურ პასუხს ერთადერთი ადამიანი გასცემს, ეს მთავარი მწვრთნელია.

მომხდარზე პასუხისმგებელი ვილი სანიოლია და მან უნდა გასცეს პასუხი. კრიტიკა ძალიან ადვილია. მთავარია, სწორი პასუხები იყოს. დარწმუნებული ვარ, შეხვდება მედიას და ისაუბრებს, ასე რატომ მოხდა.

ფაქტია, რომ სამივე თამაში ჩავარდა და სამივე შეხვედრაში შემადგენლობა ძალიან იცვლებოდა. ჩემი აზრით, წარუმატებლობის მთავარი ფაქტორი მაინც ეს იყო. თუმცა, ამის მიზეზებს თავად განმარტავს“.

დატოვე კომენტარი