კახა ცხადაძე - ის შეცდომები უნდა გამოვრიცხოთ, რაც თბილისში დავუშვით #1TVSPORT
კახა ცხადაძე - ის შეცდომები უნდა გამოვრიცხოთ, რაც თბილისში დავუშვით #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ისრაელშია, სადაც დღეს საღამოს კონფერენს-ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ჰაიფელებმა 1:0 მოიგეს და თბილისელები რთულ მდგომარეობაში არიან.

„დინამომ“ „სემი ოფერი არენაზე“ მატჩისწინა ვარჯიში გამართა. კახა ცხადაძემ ისრაელში 19 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე, პაპუნა ბერუაშვილი.

მცველები: ნოდარ იაშვილი, ლევან ხარაბაძე, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, სანდრო კალანდაძე.

ნახევარმცველები: ფაბიან სპორქსლედე, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ბაქარ ქარდავა, მილან რადინი.

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა და ზორან მარუშიჩი, თორნიკე მორჩილაძე, ბარნს ოსეი.

„დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე მომავალ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისელები აგრესიულად ითამაშებენ.

„პირველი მატჩის მოგებით, ახლა „მაკაბი“ კომფორტულ მდგომარეობაშია. ამიტომ დაცვაში საიმედოდ უნდა ვითამაშოთ და მომენტები გამოვიყენოთ, მაგრამ უკან დგომას არ ვაპირებთ და ჩვენთვის ჯერ დასრულებული არაფერია. თბილისურ მატჩში პირველი ტაიმი ჩაგვივარდა, მეორეში უკეთ ვითამაშეთ, რადგან აგრესიულები და თავდაჯერებულები კარგად ვთამაშობთ. ის შეცდომები უნდა გამოვრიცხოთ, რაც თბილისში დავუშვით. ერთი გოლი კმარა, თამაში დამატებით დროში რომ გადავიდეს.

მეტოქე ძლიერი გუნდია, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს და ისრაელის ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. ჩვენი მიზანია, „მაკაბის“ თამაშში არსებული მინუსები გამოვიყენოთ. კარგი იქნება, ბევრი მაყურებელი თუ მოვა. სავსე ტრიბუნების წინ თამაშზე დიდი ბედნიერება არაფერია, ფეხბურთი კი ქომაგებისაა. ჩვენი მიზანი მოგება იქნება.

ჩვენი მოთამაშე, 18 წლის ლუკა გაგნიძე, ახლახან მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა. თბილისის „დინამოს“ ძალიან კარგი აკადემია აქვს, სადაც ბევრი კარგი ფეხბურთელი გაიზარდა. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია – ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი. ასეთმა ფეხბურთელებმა კარიერა ევროპაში უნდა გააგრძელონ“.