კახა ცხადაძე - ინდივიდუალური შეცდომები გამოსასწორებელია, გოლებს ამის გამო ვუშვებთ #1TVSPORT
კახა ცხადაძე - ინდივიდუალური შეცდომები გამოსასწორებელია, გოლებს ამის გამო ვუშვებთ #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ „სამტრედიასთან“ ეროვნული ლიგის 26- ტურში გამარჯვება შეაფასა.

„პირველი ნახევარი საკმაოდ პროდუქტიულად ვითამაშეთ. კარგად გამოგვდიოდა კომბინაციები, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობთ. თუმცა, ჩვენმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და კონტრშეტევაზე დასანანი გოლი გავუშვით. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, თუ ასეთ თამაშს გავაგრძელებდით, ყველაფერი გამოგვივიდოდა. ამიტომ, ფეხბურთელებს ვუთხარი, არ ენერვიულათ, მაგრამ რაღაცები გამოსასწორებელი იყო. გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი, რადგან „სამტრედია“ აშკარად ავანტიურულად თამაშობდა, სამივე თავდამსხმელს წინ ტოვებდა და ამიტომ მცველების წინ ფეხბურთელი გვჭირდებოდა. შეცვლა ამიტომ გავაკეთეთ და მექვაბიშვილი ძალიან კარგად შემოვიდა“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება გუნდის ტიპურ შეცდომებზეც გაამახვილა: 

„გადამწყვეტი ის მომენტი იყო, „სამტრედიას“ ფეხბურთელი რომ გააძევეს და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. თამაში ისედაც დიდი უპირატესობით მიგვყავდა და ერთი კაცით ნაკლები რომ დარჩნენ, ფაქტია, დიდი უპირატესობა მივიღეთ. ლამაზი გოლები გავიტანეთ, მოვიგეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ და უნდა შევეცადოთ, ინდივიდუალური შეცდომები გამოვასწოროთ, რის გამოც გოლებს ვუშვებთ. ამაზე ბევრი გვაქვს სამუშაო“.

კომენტარი გიორგი მოისწრაფიშვილმაც გააკეთა, რომელმაც „დინამო თბილისში“ სადებიუტო გოლი გაიტანა:

„სასიხარულოა, რომ იმ გუნდის მაისურით გავიტანე, რომელმაც აღმზარდა. აკადემიაში ვიზრდებოდი და მაძლევდნენ საშუალებას, რომ განვითარებულიყავი. დიდი მადლობა ნდობისთვის მწვრთნელებს“.