კახა ცხადაძე - გავძლიერდებით, რადგან ევროტურნირებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება #1TVSPORT
კახა ცხადაძე - გავძლიერდებით, რადგან ევროტურნირებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში „სამტერდიასთან“ გასვლითი შეხვედრის მოგება კახა ცხადაძემ შეაფასა – გუნდში მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ ეს 53 წლის სპეციალისტის პირველი გამარჯვება იყო.

„პროგრესს ნამდვილად ვხედავ, თუმცა ეს არანაირად ეიფორიაში არ მაგდებს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჩვენ ამ წუთიდან გამარჯვებები დავივიწყეთ. ჩვენ ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ და მომავლისთვის ვიმუშაოთ, ამ გუნდმა უკეთესად რომ ითამაშოს. მეორეს მხრივ, პოზიციების გაძლიერება აუცილებლად გვჭირდება“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

„დინამოს“ მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის მოლოდინშია: „ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ხალხის დამატება გვჭირდება. მადლობა ხელმძღვანელობას და ბატონ რომან ფიფიას, რომელიც ძალიან მონდომებულია და ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე გავძლიერდებით, იმიტომ, რომ ევროტურნირებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება – ზეგ უკვე წილისყრაა. მის დაწყებას მზად უნდა შევხდეთ და კარგად მოვემზადოთ“.

ცხადაძემ გულშემატკივრის მოლოდინზეც ილაპარაკა: „გულშემატკივრები გველოდებიან და ძალიან გულდასაწყვეტი იქნება და ღმერთმა არ ქნას, მათ იმედები რომ გავუცრუოთ. ამიტომ, საამისოდ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ“.