კახა ცხადაძე - ფაქტია, რომ „დინამოს“ კრეატივში და ინდივიდუალურად უჭირს #1TVSPORT
კახა ცხადაძე - ფაქტია, რომ „დინამოს“ კრეატივში და ინდივიდუალურად უჭირს #1TVSPORT

„დინამო თბილისს“ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში გორში „დილასთან“ გასვლით მატჩამდე ჰქონდა შანსი, რომ 2 ქულამდე შეემცირებინა სხვაობა ბათუმის „დინამოსთან“, რომელმაც გასვლაზე „ლოკომოტივი“ (0:0) ვერ დაამარცხა. მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა ეს მატჩი წააგო 0:1.

კახა ცხადაძემ ბოლო ტურის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ გუნდმა ისევ ინდივიდუალური შეცდომის გამო წააგო.

„ძალიან დიდი შანსი იყო, ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენა შეგვემცირებინა. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ და ფაქტია, რომ ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. მაგრამ სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმი როგორ კი დაიწყო, ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე გოლი გავუშვით. კი, გორელებმა კარგად შეასრულეს, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემის ბრალიც იყო“, – ამბობს კახა ცხადაძე.

„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მიუთითებს, რომ გუნდს შემოქმედებითი თამაშის პრობლემაც გააჩნია.

„ფაქტია, რომ კრეატივში გვიჭირს. როდესაც გუნდი თავის ნახევარზე ჯდება, ამ დროს კრეატივის ნაკლებობას განვიცდით – ესაა ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა. ამხელა უპირატესობა რომ გაქვს, ამ დროს ინდივიდუალური თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. ეს „დინამოს“ პრობლემაა“.

გორის „დილასთან“ წაგების შემდეგ „დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგის ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩა და თუ სასწაული არ მოხდა, ჩემპიონის ტიტულს დაკარგავს.

დატოვე კომენტარი