კახა ცხადაძე „დინამოს“ თამაშით უკმაყოფილოა - წარმოუდგენელია ასეთი გოლების გაშვება, როცა პრეტენზია ჩემპიონობაზე გაქვს #1TVSPORT
კახა ცხადაძემ წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა – „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, „დინამოს“ იმაზე მეტი ამბიცია აქვს, ვიდრე იმსახურებს:
„წარმოუდგენელია ასეთი გოლების გაშვება, როცა პრეტენზია ჩემპიონობაზე გაქვს. ცოტა ხნის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ და იქაც ასეთი გოლები გავუშვით. ასეთ დონეზე მსგავს შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ. ამდენჯერ საჯარიმოში შესვლა, ამდენი კარში დარტყმა, ამხელა უპირატესობა. მოდი, ვთქვათ – ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე ბურთს წინ ურტყამდა“, – ამბობს კახა ცხადაძე.
თბილისელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, ამჟამად გუნდის ამბიცია მის შესაძლებლობებს აღემატება:
„კვალიფიკაციაა ყველაფრის მიზეზი. თუ კვალიფიკაცია იქნება, გამოიყენებ ცარიელ კარში გასატან მომენტებს – ერთს, მეორეს, მესამეს. ამბიცია უნდა გქონდეს იმდენი, რამდენსაც იმსახურებ. ჩვენ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთ“, – განაცხადა ცხადაძემ.
„დინამო თბილისი“ 17 ტურის შემდეგ 32 ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალი“ 33 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა.