კახა ცხადაძე - „დინამოს“ ძლიერი ინდივიდუალისტები აკლია, ამ მიმართულებით თუ არ ვიმუშავებთ, პრობლემები იქნება #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „დინამოს“ ძლიერი ინდივიდუალისტები აკლია, ამ მიმართულებით თუ არ ვიმუშავებთ, პრობლემები იქნება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალთან“ წაგებული (1:2) მატჩი კახა ცხადაძემ შეაფასა – „დინამო თბილისის“ მთავარის მწვრთნელის თქმით, გუნდმა საკუთარ შეცდომებზეც ვერ ისწავლა.

„ნათქვამია, ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჩვენ კი საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ. ფაქტია, რომ გუშინდელიდან მოყოლებული ფეხბურთელები ეიფორიაში იყვნენ და ეს მატჩის დასაწყისშიც გამოჩნდა. ბევრი წუნი იყო, განსაკუთრებით, შუა ხაზში. ამის შედეგად სწრაფი შეტევები მივიღეთ, რაშიც „სამგურალი“ ძალიან ძლიერია თავისი ინდივიდუალურად სწრაფი ფეხბურთელებით. ამის საშუალება როგორც კი მივეცით, მათ ეს საშუალება კარგად გამოიყენეს და თამაშის დასაწყისში უკვე 0:2-ს ვაგებდით“, – განაცხადა ცხადაძემ.

„დინამო თბილისის“ მთავარის მწვრთნელის თქმით, თამაშში გარდატეხის შეტანას ყველანაირად შეეცადა:

„ვითარების შეცვლას ყველანაირად ვეცადეთ. სანამ მეტოქე მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩებოდა, მანამდეც დიდი უპირატესობა გვქონდა. ფაქტი ერთია, რაც დასამალი არაა – ეს „შუქურასთანაც“ გამოჩნდა. როდესაც გუნდი, რომელიც დაცვაში „ავტობუსს“ აყენებს, ასეთი დაცვის გახსნა ძალიან გვიჭირს“.

ცხადაძის აზრით, გუნდს ძლიერი ინდივიდუალისტები სწორედ ამ დროს სჭირდება:

„ეს იმიტომ, რომ აშკარაა, გუნდს აკლია ინდივიდუალისტი ფეხბურთელები. ეს დღესაც გამოჩნდა. ამ მიმართულებით თუ არ ვიმუშავეთ, ასეთი გუნდების დამარცხება ძალიან ძნელი იქნება, რომლებიც დაცვაში ღრმად ჯდებიან. ასეთ მატჩებში მნიშვნელოვანია, რომ ამინდი ინდივიდუალისტმა ფეხბურთელმა შექმნას. ამ მიმართულებით თუ არ ვიმუშავებთ, პრობლემები იქნება“.