კახა ცხადაძე - „დინამომ“ „დილასთან“ მოგება დაიმსახურა #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „დინამომ“ „დილასთან“ მოგება დაიმსახურა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა გორის „დილასთან“ შეხვედრაზე, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა. თბილისელებმა ეროვნულ ლიგაში მე-4 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში კონკურენტი 2:1 დაამარცხეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო – „დილა“ ძლიერი გუნდია, ძალიან პროგრესული მწვრთნელით და მთავარია, რომ ქულა ავიღოთ. გორელების ბოლო თამაშები ვნახეთ, სადაც ბათუმის „დინამოსთან“ და „საბურთალოსთან“ გაიმარჯვეს. მადლობა ბიჭებს, ძალიან თავდადებულად ითამაშეს. პირველი ნახევარი ძალიან კარგი იყო, გოლები გავიტანეთ და უფრო მეტიც შეგვეძლო, შეტევებში ხარისხიანად რომ გვეთამაშა. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში მეტოქეს ინიციატივა დავუთმეთ. ამაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, რა ანგარიშია, „დინამო თბილისმა“ ის ფეხბურთი უნდა ითამაშოს, რაც პირველ ტაიმში ვაჩვენეთ. ფეხბურთი შეცდომების გარეშე არ არსებობს. მთავარია, რომ დღეს „დინამოს“ ფეხბურთელებმა სამი ქულა დაიმსახურეს“, – ამბობს კახა ცხადაძე.

გიორგი პაპავა, „დინამოს“ კაპიტანი: „ძალიან რთული თამაში იყო. ამას ველოდით, რადგან „დილა“ იბრძვის ჩემპიონობისთვის, ისევე როგორც ჩვენ და ბათუმის „დინამო“. არ აქვს მნიშვნელობა, თამაში როგორ წარიმართა, როგორ ჩავატარეთ პირველი თუ მეორე ტაიმი, მთავარია, რომ მოვიგეთ. თუმცა, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ. გოლს რაც შეეხება, კარგი გამოვიდა. ბანალურად კი ისმის, თუმცა, მთავარია გუნდმა მოიგო და კონკურენტთან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ“.

„დინამო თბილისმა“ 5 ტურის შემდეგ 12 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე დაწინაურდა და ქულით ჩამორჩება ბათუმის „დინამოს“, რომელმაც თბილისელებზე ერთით მეტი მატჩი ჩაატარა.