კახა ცხადაძე - „დინამო“ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „დინამო“ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის აზრით, ბათუმის „დინამოსთან“ გასვლით შეხვედრაში მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა. ამავე დროს, ყურადღება მეტოქესა და ბათუმის სტადიონზე ნანახ ატმოსფეროზეც გაამახვილა.

„ვფიქრობ, მოსაგები თამაში იყო და შედეგი დამაკმაყოფილებელი არაა, რადგან 7-ქულიანი სხვაობა დარჩა. თუმცა, გია გეგუჩაძეს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ბათუმში ფანტასტიკური ატმოსფერო და სტადიონია, სადაც პირველად ვიყავი და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ასეთი ულამაზესი, სუფთა საფეხბურთო სტადიონი აჩუქა. ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. 6 თამაში დარჩა და საჩემპიონო ბრძოლას ვაგრძელებთ“, – განაცხადა თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ცხადაძის თქმით, ეროვნული ლიგის ლიდერების მატჩმა იმედები გაამართლა.

„ისეთი საინტერესო და დაძაბული მატჩი იყო, ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს რომ შეეფერებათ. კარგად დავიწყეთ და გოლიც გავიტანეთ. გადამწყვეტი მომენტი 1:0-ზე იყო, როცა მეკარესთან პირისპირ გასულმა მარუშიჩმა ვერ გაიტანა. მერე ბათუმელებს ბურთი დავუთმეთ, რაშიც ეს გუნდი ძლიერია. ვფიქრობთ, შესვენების შემდეგ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობა გვაკლია, მომენტებს რეალიზება სჭირდება, უგოლოდ კი თამაშს ვერ მოიგებ“.

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი დაიმედებულია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები დააწინაურა.

„ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს ვაძლევთ. კალანდაძემ ძირითადში საკმაოდ ნორმალურად ითამაშა, მოისწრაფიშვილს კი პოტენციალი აშკარად ეტყობა, სათადარიგოებში „დინამო 2“-ის ექვსი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებზეც წელს აქცენტს ვაკეთებთ, მომავალში ძირითადის სრულფასოვანი წევრები რომ გახდნენ“.