კახა ჩხეტიანი - „ტორპედოს“ თამაში არ მომეწონა, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - „ტორპედოს“ თამაში არ მომეწონა, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ 24-ე ტურში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უშუალო კონკურენტს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 86-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, გადამწყვეტი გოლის გატანა და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი გამარჯვების მიუხედავად, გუნდის თამაშით კმაყოფილი არ არის.

„შეხვედრა მოვიგეთ, თუმცა, თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ იყო. ეს იქიდან გამომდინარე იყო, რომ ბოლო შეხვედრა სამი დღით ადრე გვქონდა და ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს. რაც ყველაზე მთავარია ამ მომენტისათვის, 3 ქულა მოვიპოვეთ, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„ბიჭებმა გაშვებული გოლის შემდეგ ხასიათი გამოავლინეს, მაინც ბოლომდე იბრძოლეს და მოიგეს. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ მონდომებისთვის, რაც ნამდვილად არ აკლიათ. ასევე მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრას ბოლომდე უყურეს“.

კახა ჩხეტიანის მწვრთნელად დაბრუნებამ და ახალი მეპატრონის „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მისვლამ ქუთაისის „ტორპედოზე“ სასიკეთოდ იმოქმედა – გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და 25 ქულით მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა – მე-7 ადგილზე დაწინაურდა.