კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ ფინანსურ პრობლემებს ადასტურებს - ჩვენი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოდის და გუნდს ხვალ შეხვდება
კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ ფინანსურ პრობლემებს ადასტურებს - ჩვენი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოდის და გუნდს ხვალ შეხვდება

ქუთაისის „ტორპედომ“ „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში თბილისში „ლოკომოტივი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. კახა ჩხეტიანის გუნდმა დაამტკიცა, რომ ფინანსურ პრობლემების მიუხედავად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. მატჩის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მოთამაშეებმა მადლობა გადაუხადა და არ დამალა, რომ გუნდში ფინანსური პრობლემებია.

„უპირველესად, ჩვენს ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო. ყველა ლაპარაკობს, რა პრობლემებიცაა „ტორპედოში“ და ეს მათ მოედანზე არ ეტყობათ. ისინი გამოდიან და უპირველესად, თამაშობენ ერთმანეთისა და ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. მათ ყველაფერი გაიღეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.

რამდენად მართალია, რომ კლუბში ორი თვის ხელფასი არ აუღიათ, ამის შესახებ ქუთაიასელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: „ორი თვის დავალიანებაა თუ ერთი დღის, ამის დაკონკრეტებას არ დავიწყებ. მაგრამ ფინანსური პრობლემები ნამდვილად არის“.

ჩხეტიანის თქმით, გუნდი პრეზიდენტის ჩამოსვლას ელოდება.

„ჩვენი პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა საქართველოში არ იმყოფება, ის დღეს ჩამოდის და გუნდს ხვალ შეხვდება. როგორც მითხრა, ახალი ინფორმაციით მოდის და თავად იტყვის, მომავალში რა და როგორ იქნება. იმედია, გუნდის სპონსორობას ისევ გააგრძელებს. მე არ ვიცი, ხვალ რაზე იქნება ლაპარაკი, დავალიანების გასტუმრების ვადებზე თუ სხვა რამეზე. არც ის ვიცი, მოიძია სპონსორი და გუნდში ისევ იქნება თუ ვერ დარჩება. იმედია, ყველაფერი უკეთ გაგრძელდება და პრობლემები აღარ შეიქმნება“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ისიც გაამხილა, რომ გუნდი ჩინელმა სპონსორებმა დატოვეს.

„გუნდში იყვნენ ჩინელი სპონსორები, რომლებიც ჩაჩავამ მოძებნა. მაგრამ ახლა ისინი წავიდნენ და ახალი სპონსორების ძიებაში ვართ. იმედია, ყველაფერი დალაგდება და ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ამავე დროს, კარს მოგვარდა ევროპის ლიგის თამაშები, სადაც მხოლოდ ჩვენს გუნდს და ქალაქს კი არა, ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ და ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

აპირებენ თუ არა მოთამაშეები გუნდის დატოვებას, ჩხეტიანი ამაზე ამბობს: „ისინი ვარჯიშს აგრძელებენ, პროფესიონალები არიან და ეს დაამტკიცეს. ელემენტარულია, რომ პირველი წრის შემდეგ მაინც ვერავინ ვერ წავა. ყველა ხედავს, რომ ვარჯიშსა და თამაშზე გამოდიან და მაქსიმალურად იხარჯებიან. ვფიქრობ, ეს დაგვიფასდება“.