კახა ჩხეტიანი - სასიხარულოა, რომ პირველ ადგილზე დავწინაურდით
კახა ჩხეტიანი - სასიხარულოა, რომ პირველ ადგილზე დავწინაურდით

ცუდი სტარტის შემდეგ, თბილისის „დინამო“ ათამაშდა და სეზონის განახლების შემდეგ ზედიზედ ორი ფავორიტი დაამარცხა – „საბურთალო“ (3:0) და ბოლო ტურში თბილისის „ლოკომოტივი“ (4:0).

თბილისური დერბი „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეაფასა.

„კმაყოფილი ვარ მოგებით და ანგარიშით. შეხვედრის პირველ ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, არადა, ამ ეპიზოდებში ანგარიშის გახსნა გვმართებდა. ღმერთის წყალობით მეორე ნახევარში გავიტანეთ, თამაშიც უფრო გაიხსნა და საბოლოოდ 4:0 მოვიგეთ,“ – ამბობს კახა ჩხეტიანი.

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებზეც ილაპარაკა: „მადლობა ფეხბურთელებს მონდომებისა და პასუხისმგებლობისთვის. ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონის გარედან, ჩვეულად, ბოლომდე გვამხნევებდნენ. სასიხარულოა, რომ ამ მოგებით პირველ ადგილზე დავწინაურდით. ვაგრძელებთ მუშაობას და ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის“.