კახა ჩხეტიანი - საქართველოს თასის მოპოვება და ევროთასებზე დაბრუნება დიდი სტიმულია #1TVSPORT 
კახა ჩხეტიანი - საქართველოს თასის მოპოვება და ევროთასებზე დაბრუნება დიდი სტიმულია #1TVSPORT 

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივი 2“ 2:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა კომენტარი გააკეთა:

„ემოციებისგან დაცლილი ვარ. მიხარია, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტიტული მოვიგეთ, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მთელი მატჩის განმავლობაში გულშემატკივრები გვერდში გვედგნენ და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო, ჩვენი მთავარი მიზანი მათი გახარებაა.

მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებმაც მობილიზება და საკმაოდ რთული მოწინააღმდეგის დამარცხება მოახერხეს. ფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს. „ლოკომოტივი 2“ აქამდე ღირსეულად მოვიდა და დიდი წინააღმდეგობაც გაგვიწია, ამისთვის ამ გუნდის მოთამაშეები და მწვრთნელები პატივისცემას იმსახურებენ.

იმედი მაქვს, რომ თასის მოპოვება და ევროთასებზე დაბრუნება დიდი სტიმული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, ახალი სეზონიდან უფრო გავძლიერდეთ და კონფერენს ლიგაზე ღირსეულად ვითამაშოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა ჩხეტიანმა.