კახა ჩხეტიანი - პოლიტიკაზე საუბარი დამთავრებულია, ჩემი მიზანი „ტორპედოში“ წარმატების მიღწევაა #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - პოლიტიკაზე საუბარი დამთავრებულია, ჩემი მიზანი „ტორპედოში“ წარმატების მიღწევაა #1TVSPORT

კახა ჩხეტიანმა ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნების შემდეგ გუნდის ხელმძღვანელებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და გულახდილად ისაუბრა, თუ რამ განაპირობა შემოდგომაზე პოლიტიკაში წასვლა, თუმცა, ამავე დროს, განაცხადა, რომ ეს ეტაპი მისთვის დასრულებულია და მხოლოდ ფეხბურთზეა კონცენტრირებული.

„ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნება ჩემთვის ბედნიერებაა და გუნდის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, რომ განვახორციელო ის მიზნები, რაც გუნდის წინაშე დგას. მინდა, რომ ის ხალხი, ვინც ქუთაისის „ტორპედოს“ გვერდში უდგას, ბედნიერი იყოს.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ცხოვრებაში არასოდეს პოლიტიკური მიზანი არ მქონია, ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება (არჩევნებში მონაწილეობის შესახებ) გუნდის იმ დროინდელი მდგომარეობიდან იყო ნაკარნახები. მაშინ „ტორპედო“ მძიმე მდგომარეობაში იყო და დარწმუნებული ვარ, ეროვნული ლიგიდან გავარდებოდა, დავით კერესელიძე რომ არ გამოჩენილიყო.

ყველამ რომ იცოდეს, არც ახლა და არც მომავალში პოლიტიკური მიზანი არ გამაჩნია და მხოლოდ ფეხბურთი და „ტორპედო“ მაინტერესებს. ამაზე გარკვეული მითქმა-მოთქმები იყო, რამაც ჩემი აზრით, გუნდიდან ჩემს წასვლაში გარკვეული როლი ითამაშა. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ამაზე საუბარი დამთავრებულია. ერთადერთი მიზანი მაქვს, ფეხბურთში და ქუთაისის „ტორპედოში“, რომელიც ძალიან მიყვარს, წარმატებას მივაღწიო“, – ამბობს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი.

ქუთაისის „ტორპედო“ კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს 26 მაისს მე-16 ტურში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „გაგრასთან“ 21:00 საათზე გამართავს. 15 მატჩის შემდეგ ქუთაისელები 10-გუნდიან ჩემპიონატში უჩვეულოდ დაბალ პოზიციას, მე-8 ადგილს იკავებენ.