კახა ჩხეტიანი - ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, წინ 12 ტურია
კახა ჩხეტიანი - ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, წინ 12 ტურია

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გორის „დილასთან“ საშინაო მარცხზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება და ეს შანსი დაკარგული არაა.

„გორის „დილამ“ დამსახურებულად გაიმარჯვა და მეტოქეს ვულოცავ. თუმცა, ეს სეზონში პირველი მარცხია, გავაგრძელებთ მუშაობას და შევეცდებით, ის შეცდომები გამოვასწოროთ, რაც უპირველესად ჩემი მხრიდან იყო დაშვებული“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.

რა გახდა კაცნაკლულ „დილასთან“ წაგების მიზეზი? თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ამაზეც გააკეთა: „ჯარიმები არ უნდა აგვეკიდებინა და კოვტალიუკი, რომელიც სულ წინ რჩებოდა, უნდა აგვეყვანა და ბურთი არ უნდა მიეღო. სხვა საფრთხე არ ჩანდა, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა – ბურთს იღებდა და მთელი გუნდი ამოჰყავდა. გოლიც ასე გაგვიტანა“.

კახა ჩხეტიანის აზრით, გორის „დილას“ ლიდერობა შემთხვევითი არაა: „გორელებზე კარგის გარდა ვერაფერს ვიტყვი, კვალიფიციური მწვრთნელი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. შემთხვევითი არაა, რომ დღეს გუნდი პირველ ადგილზეა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ვითარება გამოსწორდეს და ყველა დარჩენილ შეხვედრაში გავიმარჯვოთ. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, წინ 12 ტურია“.

ექვსი ტურის შემდეგ თბილისის „დინამო“ ცხრა ქულით მესამე ადგილზეა და ხუთი ქულით ჩამორჩება გორის „დილას“, ხოლო მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“- ერთი ქულით.