კახა ჩხეტიანი - ინვესტორმა უნდა თქვას, რა მიზნები აქვს „ტორპედოში“ და როგორ წარმოუდგენია მისი განვითარება #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - ინვესტორმა უნდა თქვას, რა მიზნები აქვს „ტორპედოში“ და როგორ წარმოუდგენია მისი განვითარება #1TVSPORT

კახა ჩხეტიანს, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ ჯერ არაოფიციალურად დაბრუნდა, საქართველოს პირველმა არხმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა. გამოცდილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ინვესტორთან დაკავშირებით ვითარება უნდა გაირკვევს და გუნდი დალაგდეს.

მან დაადასტურა, რომ ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს შეხვდა, რომელმაც გუნდში დაბრუნება შესთავაზა.

„დიახ, შევხვდით და გუნდში დაბრუნება შემომთავაზა. ის ამ პროცესებში მაქსიმალურად ჩართულია და ცდილობს, რომ გუნდთან დაკავშირებული ეს გაურკვევლობა სწრაფად დასრულდეს. ეს ეხება მაგალითად, ფინანსურ საკითხებს – ხუთ მაისს გუნდის წევრებს ორი თვის დავალიანება უნდა გაუსტუმრონ. დიდი დღესასწაულის წინ ფეხბურთელები უხელფასოდ დარჩნენ. მე, როგორც მწვრთნელმა, ისეთი გარემო უნდა შევუქმნა, რომ ფეხბურთელი მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს და ფეხბურთის გარდა სხვა პრობლემებზე არ იფიქროს. მანამდე შოთა ბაბუნაშვილს ასისტენტის როლში ვიქნები, როგორც ქუთაისელი და როგორც ამ გუნდის გულშემატკივარი. ძნელია გუნდი გაურკვეველ მდგომარეობაში ჩაიბარო, როდესაც არ იცი, როდის იქნება ხელფასი, მოგვარდება თუ არა პრობლემები და საერთოდ, რა უნდა ინვესტორს,“ – განაცხადა ჩხეტიანმა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ინვესტორმა გუნდს და გულშემატკივრებს კითხვები არ დაუტოვოს:

„დასაფასებელია ყველა ინვესტორი, ვინც დღეს ქართულ კლუბში მოდის. მაგრამ მან უნდა წარმოადგინოს გუნდს ფუნდამენტური განვითარების გეგმა, კლუბის განვითარების მიზანი და ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია. ქუთაისის „ტორპედოს“ პატარა კლუბი არაა და გულშემატკივარმა და კლუბის წევრებმა ეს გეგმები უნდა იცოდნენ, რომ კლუბი იმ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, როგორშიც ახლა „ტორპედოა“. ამ გუნდში 17 წლის ბიჭი მოვედი. მას შემდეგ 26 წელი გავიდა, მაგრამ გარკვეულ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით, სულ ასეთი გაურკვევლობა იყო. გუნდის ფუნდამენტური განვითარება ვერ მოხერხდა და ძირითადად, სულ უჭირდა. ადრე თუ გვიან ქუთაისის „ტორპედოს“ წვალება უნდა დასრულდეს და კლუბი ისე განვითარდეს, როგორც ის იმსახურებს. მაგრამ ასე თუ გაგრძელდება, შესაძლოა, ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთხელ გავარდეს. ეს არ უნდა დავუშვათ, გუნდი ასეთ დამოკიდებულებას არც იმსახურებს“.

ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2016 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით იმერლებმა ერთხელ საქართველოს ჩემპიონობა, ხოლო ორ-ორჯერ საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოიპოვეს. ამასთან, „ტორპედომ“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად მისი თავკაცობით ითამაშა.