კახა ჩხეტიანი - ფოთის „კოლხეთში“ კონკურენტუნარიანი გარემოა #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - ფოთის „კოლხეთში“ კონკურენტუნარიანი გარემოა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთმა“ თურქეთში წინასასეზონო 12-დღიანი შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა მოსამზადებელი ეტაპი შეაჯამა და სიახლეებზეც ისაუბრა.

„ანტალიაში მოსამზადებლად კარგი პირობები გვქონდა. სამწვრთნელო შტაბმა 30 ფეხბურთელი გამოვცადეთ, რომელთა დიდი ნაწილი გუნდში დარჩება.

დაკომპლექტებისას ყურადღება გავამახვილეთ იმ სათამაშო პოზიციებზე, სადაც გუნდმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა: გუნდიდან წასული მეკარე არტიომ ფასტოვი უკრაინელმა მიროსლავ ზნოვენკომ შეცვალა. მან თურქეთში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ყველა მონაცემი აქვს, რომ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს იაროსლავ კოტლიაროვს, რომელიც გასული სეზონიდან გამომდინარე, ძირითად მეკარედ მოიაზრება.

დაცვასა და ნახევარდაცვაში ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ. ყველაზე დიდი დანაკლისი თავდასხმაში გვაქვს, რადგან გუნდი ლაშა კოხრეიძემ და გიორგი მელქაძემ დატოვეს. კირილ კლიმოვთან ერთად, წინა ხაზში ადგილისათვის ლადო ჩიხრაძე იბრძოლებს, რომელსაც გასულ სეზონში ტრავმების გამო ბევრი დრო გაუცდა. დუშეთის „არაგვიდან“ კოლუმბიელი ფორვარდი ხუან ასპრილია დავიმატეთ.

„კოლხეთში“ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მაგალითად, 15 წლის ანდრია ბართიშვილი, რომელსაც, ასაკიდან გამომდინარე, ძირითადი გუნდისგან განსხვავებული მეთოდებით ვავარჯიშებდით. ახალგაზრდები და გამოცდილი მოთამაშეები კონკურენტუნარიან გარემოს ქმნიან, რაც გუნდს სეზონის განმავლობაში აუცილებლად წაადგება“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.